Monday, December 23, 2013

ტრენინგის ბოლო დღე, 21 დეკემბერი სამწუხაროდ, ცოტა დამაგვიანდა რეფლექსიის გაკეთება გარკვეული მიზეზების გამო. ბოლო დღე საკმაოდ საინტერესო იყო და დრო შეუმჩნევლად გავიდა, რადგან გავეცანით ერთმანეთის ნაშრომებს, პრეზენტაციებს, მოვისმინეთ სასარგებლო რჩევები ჩვენი ტრენერისაგან. საბოლოო ჯამში, ტრენინგით კმაყოფილი ვარ, რადგან ბევრი სასარგებლო რამ ვისწავლე. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ სკოლის სამუშაო რეჟიმთან ერთად ცოტა რთულია მასწავლებლისთვის ამ დავალებების კეთება, ასევე ძალიან ბევრი წასაკითხი და გასააზრებელი მასალაა, რაც ასევე დიდ დროს ითხოვს. დიდი მადლობელი ვარ ქალბარონი გვანცასი, რომელიც ძალიან უშუალო პიროვნება და კარგი ტრენერია.

Saturday, December 14, 2013

7. დღე

დღეს გაყინულებმა ვიმუშავეთ. ძალიან გაგვიჭირდა. კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით იმას, რომ სწავლება მოსწავლეზე ორიენტირებული უნდა იყოს. გავეცანით ასევე დიფერენცირებული სწავლების როლს სასწავლო პროცესში. იმას, რომ დავალებების გადანაწილება უნდა მოხდეს მოსწავლეთა შესაძლებლობების მიხედვით. ავტვირთეთ ჩვენი საქაღალდეები დრაივზე, რაც ძალიან მოსახერხებელია. ძალიან ცივა. იმედია, ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება :)

Saturday, December 7, 2013

5. დღე

ძალიან სასარგებლო ცოდნა შევიძინე დღევანდელ დღეს. გავეცანი ინტერნეტის გამოყენების უამრავ შესაძლებლობას პროექტებით სწავლების პროცესში.ასევე, თუ როგორ უნდა დაამყარონ მოსწავლეებმა ურთიერთკავშირი ელფოსტის, ონლაინჩატის, ინტერნეტზარის მეშვეობით. ბლოგები, ვიკი და ინტერნეტ თანამშრომლობითი დოკუმენტები მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, ერთობლივად იმუშავონ პროექტებზე და ონლაინით გაუზიარონ ერთმანეთს მათი ნამუშევრები. მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი ძალიან პრაქტიკული და სასარგებლოა და საუკეთესო საშუალებაა აზრთა შეჯერებისა და დროის დაზოგვისათვის.

Monday, December 2, 2013

3. დღე 30.11.13

გავეცანით პროექტებით სწავლების შაბლონს. განვიხილეთ ის მნიშვნელოვანი პუნქტები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ პროექტის დაგეგმვის დროს. შაბლონის აგებულების მიხედვით გამოიკვეთა ძირითადი გეგმა და აგებულება.
ასევე ვიხილეთ ბევრი ნიმუში, როგორ ხდება ზოგადი, მაპროვოცირებელი კითხვის დასმა და როგორ გადავდივართ შემდეგ კონკრეტულ კითხვებზე. სწორედ ამ კითხვების ფორმულირების დროს დამებადა ახალი იდეები, რამაც გადამაწყვეტინა ჩემს მიერ არჩეული თემის შეცვლა.
თუმცა იყო პრობლემები ინტერნეტთან დაკავშირებით, დღემ მაინც შინაარსიანად და საინტერესოდ ჩაიარა.

Sunday, November 24, 2013

2. დღე   24 ნოემბერი, შეჯამება

დღევანდელი დღე ბევრად უფრო სახალისოდ წარიმართა. ვისაუბრეთ პუბლიკაციის მნიშვნელობაზე და მიზნობრივ ჯგუფზე, რომლისკენაც ის არის მიმართული. შევაჯამეთ პირველი მოდული და დავამზადე ბროშურა,რომელიც გამომადგება ჩემი პროექტის პუბლიკაციისათვის.

ძალიან მომწონს, რომ კომპიუტერთან ვმუშაობ და საკუთარ პროდუქტს ვქმნი. უკვე წარმომიდგენია, თუ როგორ გაახალისებს ეს პროექტი ჩემს მოსწავლეებს დასტიმულს მისცემს მათ აღნიშნული თემის საკვლევად.










Saturday, November 23, 2013

1. დღე         23.11.2013 წ.   რეფლექსია

გავეცანი ზოგადად ტრენინგის აგებულებას, მის შემადგენელ მოდულებს, ტრენინგის მიზანს და საერთო შინაარსს.

ტრენინგი მნიშვნელოვანია ჩემი პროფესიული ზრდისათვის, პროექტებზე მუშაობაში ტექნოლოგიების დანერგვისათვის და ჩემი მოსწავლეების სიახლისადმი ინტერესის გაღვივებისათვის.

შევქმენი ახალი ელექტრონული ფოსტა და ჩემი ბლოგი.